mardi 10 février 2015

"დიდი ომის რომანი"- რეალობა თუ ფიქცია?

პრობლემის აქტუალობის მიუხედავად, კრიტიკოსთა მოსაზრებით, 1914-18 წლების ამსახველი ლიტერატურა ნაკლებადაა შესწავლილი. ლიტერატურათმცოდნე ტომას შტაუდერის აზრით, ამას განაპირობებს, ერთი მხრივ, თემატიკა, რომელიც ხშირად ისტორიკოსების საკვლევ ობიექტად რჩებოდა, რომლებიც თავიანთი დარგის ჭრილში განიხილავდნენ ტექსტებს, ხოლო მათი ლიტერატურული ღირებულება მხედველობის მიღმა რჩებოდა. დღემდე არსებული რამოდენიმე კვლევა მხოლოდ ტრადიციული დესკრიფციული ლიტერატურის ისტორიის ხაზს მისდევს და მასში კომპარატივისტული თუ ინტერდისციპლინური ანალიზის მეთოდები გამოყენებული არ არის. მეორე მხრივ, პირველი მსოფლიო ომის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა მიმართ ინტერესის ნაკლებობა მათში ასახული რელობის ეჭვის ქვეშ დაყენებამ განაპირობა. ტრადიციული გაგებით, რომანი ავთენტურ ელემენტებთან ერთად ფიქციასაც მოიცავს, მასში მწერლის ფანტაზია უხვად ჩანს, რაოდენ ობიექტური რეალობის ამსახველიც არ უნდა იყოს იგი. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება შემორჩა პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ევროპულ ლიტერატურას - მიიჩნეოდა, რომ ომის ამსახველი ფაქტები მასში მხატვრულად არის გადმოცემული, რომ იგი შელამაზებულია და რეალობას ადეკვატურად არ ასახავს. ამ საკითხთან დაკავშირებული პოლემიკა დღესაც წარმოადგენს სალიტერატურო წრეების ინტერესის საგანს, რასაც ომის დასრულებისთანავე ფართო გამოხმაურება მოჰყვა. 

პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ამერიკელი კრიტიკოსი ჟან ნორტონ კრიუ 1929 წელს გამოცემულ ლიტერატურული კრიტიკის კრებულში „მოწმეები“ და ერთი წლის შემდეგ გამოსულ მეორე კრებულში „მოწმეთა შესახებ“(1930), ორიგინალურსა და სრულიად განსხვავებულ მსჯელობას გვთავაზობს. მას განხილული აქვს 252 ავტორის 304 ნაშრომი, რომელსაც მეორე კრებულში კიდევ 19 სათაური დაემატა. მისი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მრავალი ცნობილი ნაწარმოები საკუთარ ავტორთან ერთად, რომელთაც დიდი აღიარება ჰქონდა ომისდროინდელ ლიტერატურაში, მათ შორის ანრი ბარბიუსის „ცეცხლი“, როლან დორჟელესის „ხის ჯვრები“, ჟაკ პერიკარის შემოქმედება. ხოლო კრიტიკოსის „ფავორიტებად“ აღიარებულ იქნა ისეთი თხზულებები, რომლებიც ომის ამსახველ სურათებს ზედმიწევნით ნატურალისტური სიზუსტით აღწერდა. ამ ნაწარმოებთა ავტორები, უმეტესად, რიგითი მეომრები იყვნენ, რომელთაც საკუთარი თვალით დანახული და განცდილი ფურცელზე გადაიტანეს და მწერლობაზე არც უფიქრიათ.

კრიტიკოსის კლასიფიკაციის (მწერალთა 6 კატეგორია) დაბალსა და საშუალო საფეხურზე მდგომმა მწერლებმა მისი სიმპათია ვერ მოიპოვეს სწორედ ომის ამსახველი სცენების არასათანადო სიმძაფრითა და გეოგრაფიული სიზუსტის დაუცველობის მიზეზით. ნორტონ კრიუს ამ ნაშრომის ირგვლივ დაწყებული ვნებათა ღელვა ისეთივე ეფემერული აღმოჩნდა, როგორც მის მიერ საუკეთესოდ შერაცხული თხზულებები, ხოლო მათ, რომელსაც ავტორი არ სწყალობდა, გაუძლეს დროის ქარტეხილებს და მკითხველთა მოხიბვლა დღემდე შეუძლიათ.

Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire