mardi 10 février 2015

ომის პერიოდის ლიტერატურის დახასიათება

იმის გათვალისწინებით, რომ ომი ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, მწერალებმა იარაღთან ერთად კალამი გამოიყენეს აბსურდულ ომში საბრძოლველად. სწორედ ომის ქარცეცხლის დროს შეიქმნა ანრი ბარბიუსის „ცეცხლი“, როლან დორჟელესის „ხის ჯვრები“, ადრიენ ბერტრანის „მიწის ძახილი“, ჟორჟ დუამელის „წამებულთა ცხოვრება“, „ცივილიზაცია“... მათ გადალახეს მკაცრი ცენზურის დაბრკოლებები და მკითხველთა მოწონება დაიმსახურეს. თუმცა, ცენზურა ვერას გახდებოდა რეალობის ამსახველი მილიონობით წერილის წინაშე, რომელიც ყოველდღიურად იგზავნებოდა ფრონტის ხაზიდან; ჯარისკაცთა ჩანაწერები და პირადი დღიურები ომის მიმდინარეობის დოკუმენტურ წყაროდ შემორჩა. საკითხავ წიგნთაგან ყველაზე საუკეთესოდ იქცა მეომართა მიერ აღწერილი ფრონტის მდგომარეობა, მათ მიერ გადმოცემული საბრძოლო გამოცდილება, რომლებმაც ლიტერატურული ნაწარმოებების სახე მიიღო. ომში მონაწილე ქვეყნების ლიტერატურაში ისინი სხვადასხვა სახელით დამკვიდრდა: temoignage, récit de guerre, literature de guerre, journal de guerre (ჩვენებები, ომის მოთხრობა, ომის ლიტერატურა, ომის დღიური - ფრანგულ ენაში), Frontdichtung, Kriegsliteratur (ფრონტის ლიტერატურა, ომის ლიტერატურა - გერმანულ ენაში),War poetry (ომის პოეტიკა - ინგლისურ ენაში).



შედეგად, ტრადიციული რომანი თავისი მთლიანობით, ფართო პლანში მოვლენების ვიზუალიზაციით განიცდის რღვევას და ადგილს უთმობს განცდილის ფრაგმენტულ, დანაწევრებულ ხედვას. ლიტერატურის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 1914-18 წლის ომმა დასაბამი მისცა რომანის სრულიად ახალ ჟანრს - „ომის რომანს“, რაც იყო სინთეზი რომანის (ფორმა, ფიქცია), დღიურისა (თარიღები, კონკრეტული მომენტები) და მოთხრობის (თხრობის ლინეარული ხაზი).
აქედან გამომდინარე, პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ლიტერატურა არ წარმოადგენს ჰეროიკული სულისკვეთებით გამსჭვალულ ეპოპეას, არმიის მეთაურთა მიერ მოპოვებული გამარჯვებების ასხვასა და მათ ტრიუმფალურ სვლას, მსგავსად წინა პერიოდების ეპიკური ნაწარმოებებისა. ეს არის ლიტერატურა, რომელიც სანგრებს არ გასცდენია და რიგით ჯარისკაცთა მონათხრობით შეიქმნა, იგი სტატიკური, მდორე, ინერტული მიმდინარეობით ხასიათდება და თვალწინ გვიხატავს ისეთ ნაცრისფერ-მიწისფერ გარემოს, რომელშიც მზის სხივი არასოდეს აღწევს, სადაც ყოველთვის ცუდი ამინდი და მუქი ფერებია. 



ამ პერიოდში შექმნილი რომანების გმირები სხვადასხვა ეროვნების, ასკისა თუ პროფესიის ადამიანები არიან, რომელთაც ომის ელემენტთა ერთობლიობა (ტალახი, ჭუჭყი, გვამები, დახოცილი ცხოველები, საშინელი სუნი...) იდენტურს ხდის, მათი განცდები მსგავსია: შიში, გაუბედაობა, უძლურება, ტანჯვა, ტკივილი. თუმცა აქვე ჩანს ერთგულება, მეგობრობა, ერთმანეთის თანაგრძნობა. „ასაკის, წარმოშობის, კულტურის, სიტუაციისა და ყველაფრის მიუხედავად, იმ უფსკრულის მიუხედავად, რომელიც აქამდე ჩვენ გვაშორებდა, ფრონტის ხაზზე ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. ...... ჩვენში დამალულია ერთი და იგივე წეს-ჩვეულება, პრიმიტიულ ყოფაში დაბრუნებულ ადამიანთა მსგავსი „გამარტივებული“ ხასიათი“ 



კულტურულ-ანთროპოლოგიური დიფერენციაციის მიუხედავად, ამ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ქმნილებებს აერთიანებს ომის საშინელებათა ფონზე მუდმივ საფრთხესა და გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი, რომლისთვისაც პირადი საკითხის გადაწყვეტა სიკვდილ-სიცოცხლის თემას უკავშრდება. სანგრებში ხანგრძლივი დროით მყოფი ჯარისკაცები ფიქრობენ ომის დასასრულზე, თუმცა, მომავლის პერსპექტივა არ ესახებათ; მათ გარშემო იხოცებიან მებრძოლები, მაგრამ ყველაფერი ძველებურად გრძელდება, სიკვდილი მათ თანამდევად იქცა, ჩვეულებრივ აღსაქმელ მოვლენად. ფრონტის ორივე მხარეს ერთნაირი ცხოვრება აქვთ მეომრებს - ყველანი აბსურდული ომის მსხვერპლნი არიან და მათთვის მტრის სურათსაც მსგავსი სახე აქვს, ისევე, როგორც საპირისპირო ბანაკებში დახოცილ ჯარისკაცებს. „ამ ქმნილებათა ვინაობის დადგენა შეუძლებელია ვერც ტანსაცმლით, ვერც ვარცხნილობითა და ვერც იარაღით......[....]ყველა ეს ადამიანი.......ერთმანეთს ისე ჰგავს, თითქოს ყველა მათგანი დედიშობილა იყოს.“


Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire