ომის შესახებ

ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, ომის თემა აქტუალობას არ კარგავს ერების ისტორიაში. ხანგრძლივი მშვიდობით უზრუნველყოფილ არაერთ თაობას მხოლოდ ომის საშინელებათა გადატანის შემდეგ აღუქვამს მშვიდი ცხოვრების ჭეშმარიტი ძალა, თუმცა, ისტორიის ევოლუციის მანძილზე ომების თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელი ხდებოდა და უახლოესი აწმყოც სწორედ ამის დასტურია. პოლემოლოგიაში (მეცნიერება ომის შესახებ) ომის დისკურსის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს; პროლეგომენები (თეორიები ომის შესახებ), რომლებიც ანტიკური ხანიდან ომის გარშემო შეიქმნა, არაერთგვაროვან დამოკიდებულებას გამოხატავს მის მიმართ.




ფილოსოფოსთა შორის მუდმივად ჩნდებოდა კითხვა ომის მორალური არსის შესახებ. ამ თვალსაზრისით, ორი საპირისპირო მიმართულება გამოიყოფა ფილოსოფიის ისტორიაში. პირველ მათგანს ომი მიაჩნდა, როგორც ყველაზე საშინელი გადაწყვეტილება, დიდი ბოროტების მომტანი მოვლენა. „პაციფისტური“ იდეების მატარებელი თეორეტიკოსებისთვის ომი დაუშვებელია, მისი გამომწვევი შეიძლება გახდეს ადამიანის მანკიერი ბუნება და სამყაროს ბატონობისადმი დაუცხრომელი  წყურვილი. ამ იდეების განმავითარებლებად პლატონი - კანტი და მათი მიმდევრები გვევლინებიან.  მეორე, უფრო რადიკალური ფრთისთვის - ომი მისაღები, დადებითი შედეგების განმაპირობებელი ქმედებაა. არისტოტელე - ნიცშე - ჰეგელი და მათი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ომში გამოჩენილი სიმამაცე აკეთილშობილებს ადამიანს, რომ ომი აძლიერებს ერებს, გაჭიანურებული მშვიდობის დროს საზოგადოება დუნდება და საფუძველი ეყრება კორუფციასა და ყოველგვარ სხვა მანკიერებას.




ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმ მიზეზთა მოძიება, რომლებიც ომის საჭიროებასა და აუცილებლობას გაამართლებს, რასაც, თავის მხრივ, კაცობრიობა ძალადობის ახლებური ფორმების გენეზისისკენ მიჰყავს. 








Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire